გიორგი არაბული

ჩემს სამყოფელში

ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე
ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის…

ჩემს სამყოფელში მზე და მთვარე ერთად ანთია,
ჩემს სამყოფელში ყოველდღიურად იცვლებიან წელიწადის დროები,
ჩემს სამყოფელში ყველანაირ აზრს აგათლიან,
თუკი ერთხელაც თქვი რომ შენ ხარ ცოტა პოეტი.
ჩემს სამყოფელში ისმის მუდამ საგალობლები,
მცხოვრებნი ყველას ეძახიან მოდით, ოსანა!
აქ იშლებიან ბარათებად ხმელი ფოთლები,
და თხოვდებიან ვარსკვლავები შეუმოსავად.
აქ ფიქრებს სთესენ გადაღლილი, გლეხი სოფლები
და შემოდგომით მთვარე იღებს ლექსებს მოსავლად
ჩემს თეთრ ბინაში სამი გმირი ღამეებს ათევს,
~პატარა უფლისწული~, `თოლია ჯონათან ლივინგსტონი~ და `ცასწავალა~,
ჩემს სამყოფელში ორი დღის წინ ბაობაბები დარგეს,
და მათ ერთ ღამეში მთვარემ ვარსკვლავების დათვლა ასწავლა.
ჩემს სამყოფელში ხშირად დასეირნობენ ალი და ნინო,
და მერე აქვე წმინდა გრძნობას ერთურთს უხსნიან,
აქ წურავს ლოთი დიონისე ნისლისგან ღვინოს,
ჩემს სამყოფელში, ჩემს ეზოში კარცერ-ლუქსია.

ჩემს სამყოფელში სიცოცხლის ქულა ორასია,
ერთი ცოდვა კი – მინუს ორასი,
ჩემს სამყოფელში მცხოვრებთ ცასიქითლებსაც გვეძანიან,
აქ ხელოვნება, პოეზია არის მოდაში.

ჩემთან ზღვა ღელავს და მოხუციც რაღაცას ეძებს,
და გილგამეშიც სიკვდილს ეძებს და მერე ებრძვის,
აქ ვიიონი, ლორკა, რემბო ყვირიან ლექსებს,
აქ მარცვალივით იკარგება ალალი ლექსი.
აქ მხოლოდ დგამენ ანტიპიესებს,
და იონესკოს აფსურდს ეტრფიან,
აქ არ ამბობენ ხმადაბლა ლექსებს,
ცოფებს ყრიან და ყეფით ყვებიან.
ჩემს სამყოფელში უქმე დღეები შავ-თეთრია,
და ტირის არავინ,
აქ ოცნებები, ნისლებივით იკარგებიან,
ფიქრები კიდევ დღიურს კერავენ.
………………………………………………………………………………
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი.
ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან,
დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა,
წამოდი,
წამო,
წა…
_________________________________________________________

უბრალოდ ავტოპორტრეტი

სიტყვით დაიქარგა – სიყვარული,
კოცნა – ტაეპებით მოგიწანი,
მიყვარს – უაზრო სიარული,
(ერთხელ პანთეონთან მომისწარი…).
სიტყვა ავიხირე – სევდიანი,
სევდაც – მილეული, დახეული,
რიცხვი – რა თქმა უნდა შვიდიანი,
ფიქრი – სიყვარულში გახვეული.
რითმა – გაცვეთილი, ბანალური,
ასე – დახეული-გახვეული
გვარი – რა თქმა უნდა არაბული,
თმები – რა თქმა უნდა დახვეული.
თვალი – ზოგჯერ მწვანეც, თაფლისფერიც,
წარბი – ერთი წარბი შრამიანი,
ლექსი – რა თქმა უნდა ატმისფერი,
ცოტა მოლუდო და შარიანიც.

ბოლოს – ალბათ ისევ თარიღი და
ალბათ ისევ – გიო არაბული,
მისამართი – ჩემი სამყოფლიდან,
რითმა – რითმა ისევ ბანალური.
________________________________________________

* * *

”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” –
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
______________________________________________

გაუგზავნელი წერილი მეგობარს
●●●

მე და შენ ძმაო, გამოგვჭრიან ყელებს და გვამებს
მწვანე ველებზე გაიტანენ, მგლებმა რომ ჯიჯგნონ,
მე და შენ ძმაო ცხოვრებაში ყოველ დღე გვკლავენ,
ხელებს გვაჭრიან, თვალებს გვთხრიან რომ ვეღარ გვიცნონ,
ამ ხალხს ჰგონოია, რომ სამყარო მათ შექმნეს თვითონ,
ამ ხალხს ჰგონია, რომ ეს ზეცა მათია მხოლოდ,
დედამიწისგან ჩვენ არასდროს არაფერს ვითხოვთ,
მათი სახლიდან გაყრილები სოროში ვცხოვრობთ,
რადგან მათ აღარ შეუძლიათ ეძინოთ ქვაზე,
რადგან მათ აღარ შეუძლიათ შეჭამონ მიწა.
ტყუილად თვლიან შეგვიწყვეტენ სიცოცხლის ხაზებს,
ტყუილად სჯერათ, რომ უფალი ჩვენ აღარ გვიცავს.
მიწაა დაბლა, მაღლა ცაა, ღმერთია ჩვენში და
არა ცაში, ცაზე მხოლოდ ვარსკვლავებია.
მათ გასაყიდად გაიტანეს შვილების ლეში,
ჩვენც დაგვხოცავენ, დამიჯერე არ დაცხრებიან.
მწარე ღიმილით გვიყურებენ, სისხლიან თვალებს
ახამხამებენ და დანებით გვიდგანან გვერდით.
მათ არ აქვთ რწმენა, მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე
მიწაში ჩავლენ, მაგრამ მაინც ჰფარავდეთ ღმერთი,
რადგან მათ ძმაო არ იციან აქ რასა იქმნენ.
ჩვენი ცხოვრება გაიხადეს მაგიდის ჭორად,
გინდა საფლავში ჩაგვაწვინონ, თავაღმა, პირქვე,
გინდა ძარღვები დაგვაგლიჯონ, გადაგვჭრან ორად.
მათ არ იციან რომ უფალი ჩვენ მაინც გვიცავს,
მოდიან გვკლავენ, ჩვენ ვცოვცხლდებით, მოდიან გვკლავენ,
რკინის ჯვრებით და ყავარჯნებით ჯიჯგნიან მიწას,
ეკლის გვირგვინით და რკინებით ჩვენს სხეულს რთავენ,
მე და შენ ძმაო გამოგვჭრიან ყელებს და გვამებს
მწვანე ველებზე გაიტანენ, სისხლს სისხლი ერთვის,
მე და შენ მიწას ჩავიცვამთ და დავხუჭავთ თვალებს,
შეუნდობთ, რადგან მათ დაკარგეს თავისი ღმერთი.
_____________________________________________________

2 Comments

2 thoughts on “გიორგი არაბული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s