ბუნების ანაბარა (შატილობა)

დღეს ორი სექტემბერია, ამ შატილობაჩავლილს მომინდა ყველაზე ლამაზ განცდებზე მომეყოლა და წერისთვისაც მოვიცალე… პირველი მთავარი მოვლენა ის იყო, რომ დავაგვიანე დანიშნულების ადგილზე მისვლა და ჩემ გამო ნახევარი სათით შევაყოვნე მეგობრები. (მაგრამ მე საუკეთესო მეგობრები მყავს და ასეთი აბდაუბდაც ვუყვარვარ მათ, ვიცი…)  როგორც იქნა გავედით, ისეთი სიტუაცია გვქონდა სხვანაირად რომ არ შეიძლება… ვხმაურობდით და რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ეს ხმაური გვიყვარდა ყველას ერთმანეთის … ვინც იქ არ ყოფილა ვერასდროს გაიგებს რა გულით მივდიოდი, რა შემართებით, თან ორცეცხლშუა. ვერც მეგობრების ტკბილ სიმღერ–საუბრებს რომ წყდები ადამიანი, ფანდურით და ბალალაიკით აკომპანირებულს და ვერც იმ განსაკუთრებულ კადრებს ფანჯრებიდან რომ ჩანს…
უღელტეხილზე ცხვრის ფარა შეგვხვდა.  წარმოვიდგინე როგორ ჩავიდოდი სამარშუტო ტაქსიდან, და როგორ ვირბენდი ფარაში, ტრანსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად  (დიახ, ქალბატონი ნაირა გელაშვილის „ამბრნი უმბრნი და არაბნი“ გამახსენდა) … ცა ისევ ლურჯი იყო…
ნაწვეთარზე არ შევჩერებულვართ, ისედაც ვაგვიანებდით და გზა გავაგრძელეთ (არაუშავს).
გაგა ბიძას გარდაცვალების ადგილას კი გავჩერდით, მოვიგონეთ, პატივი მივაგეთ გზაზე გაყინულ ვაჟკაცს. 21 ოქტომბერს გზაზე თოვლმა მოუსწრო და გაიყინა.
კაცი ხომ ბუნების, ღმერთის ანაბარაა…
აქ ადრეც შევჩერებულვართ, მაგრამ მხოლო ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ ბუნებას შეწირული ადამიანი, მსხვერპლია კაცობრიობის ბუნებისადმი უპატივცემულობისთვის შეწირული.
ჩავედით შატილში… ისე ლამაზია ეს ციხექალაქი რომ ზოგჯერ რომ უყურებ, ახლოს მისვლაც გერიდება. კარვების გაშლა რომ დაიწყეს ბიჭებმა ჩვენ კოშკებისკენ გავემართეთ…  შარშანდელთან შედარებით, უფრო ამაყად გამოიყურებოდნენ შატილის კოშკები. შარშან ჯერ კიდევ ჩამოშლილი იყო განაპირა კოშკი და ახლა დასრულებული იყო რესტავრაცია…  ბავშვივით უღალატო, პატიოსანი ქალივით ლამაზი და ვაჟკაცის გულივით ძლიერია შატილის ციხექალაქი! კოშკებზე ავედით და რამდენიმე კოშკი ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული. როგორ შეიძლება იყო ტურისტი და ასეთი ცივი და უარაფრო, იმ ძეგლის მიმართ რის სანახავად და შესაცნობადაც მიდიხარ! _ბუნებავ, ღმერთო შეგვინდე… გავიფიქრე და გულნატკენი ჩამოვედი იქიდან… ბანაკში დავბრუნდით, კარვები გაშლილი იყო, ბიჭებს ცეცხლი დაენთოთ და მწვადს წვავდნენ, ლურჯ ცას ნისლი მიეფინა, არ შეიძლებოდა რომ არ ეწვიმა და იწვიმა კიდეც! ეს არ იყო მხოლოდ წვიმა, ეს იყო ბუნების სიბრაზე. მთელი ბანაკი, ეს ბუნების ანაბარა დარჩენილი ხალხი, სამარშუტო ტაქსებში და კარვებში შევიმალეთ. ვიჯექი გალუმპული და მინდოდა გარეთ მერბინა, მინდოდა ეგრძნო ბუნებას რომ მე მესმის მისი. _არ გამიშვეს, გაცივდებიო… კონცერტიც ჩაიშალა…  ჩვენს გმირებს მწვადი მაინც შეუწვამთ, დიდი ცელოფნებით იკავებდენენ თურმე წვიმას. მერე აბა ხევსურეთში არყის გარეშე მწვადი როგორ შეიძლება, მძივებით გაფორმებული ყანწურა შეივსო და ჩემი შატილიონი ამბობს _“აგე გაბრაზდა ბუნება, წინა შატილობებზე სულ კარგი ამინდი იყო, ჩამოვიდოდნენ იმხიარულებდნენ და აქაურობას დაანაგვიანებდნენ და მიდიოდნენ, გაბრაზდა ბუნება და აგე წელს აღარ გვაცდის, ეგრე გინდათო და იწვიმა.“
ჩემი შატილიონი იყო ეს! და მე მივხვდი რომ ამდენი ხნის ფიქრი მარტო ჩემი არ ყოფილა…
უფრო მომინდა გარეთ! და როგორც იქნა ჩავედი ) დამხვდნენ გარეთ გიჟები, მუსიკას აუწიეს და ცეკვავდნენ წვიმაში, ცეკვავდნენ გიჟებივით, ნამდვილი გიჟებივით! გულით და თამამად და მე აღარ მადარდებდა რომ არ ვიცოდი ცეკვა! … წვიმამ იკლო, ნელნელა დაწვრილდა, დედაჩემივით, რაღაცაზე რომ გაბრაზდება ცხარობს და მერე რომ ჩუმჩუმად აგრძელებს მოთქმას ისე… _ცეცხლი დავანთოთ ძალიან აღარ იწვიმებსო ბავშვებმა,  დავანთეთ ცეცხლი … მაგრამ წვიმის ოდნავმა გამსხვილებამ ისევ შეაშინა ხალხი და შეიყუჟნენ, სულ რამდენიმე ვიდექით კოცონთან, თან ვსველდებოდით და თან ვშრებოდით. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები ვისაც მართლა გვჯეროდა რომ ბუნება კი არის მკაცრი, მაგრამ მოწყალეცაა… გადაიღო წვიმამ, დიდი ცეცხლი დავანთეთ , გაყინული ხალხი შემოეხვია კოცონს, თბებოდნენ ადამიანები, ფანდურით ხელში მღეროდა ვიღაც. ლამზი იყო ყველაფერი თითქმის, უკვე ერთადერთი რაც მადარდებდა ჩემი შატილიონი იყო… ჩვენი ტურისტი გოგონები თურმე გვერდით კოცონთან სიგარეტს ეწეოდნენ და ვიღაცას მწეველი ქალი აუგად მოუხსენიებია, მოვიდნენ და ჩვენს სიახლოვეს დაიწყეს საუბარი, _რა ვიცოდით ასეთ არაცივილურ ადგილას თუ მოვდიოდითო, აქაურისგან სხვას რას უნდა მოელოდეო და ა.შ , როგორ მინდოდა უფრო ხმამაღლა ემღერა იმ მეფანდურეს, ჩემს შატილიონს რომ არ გაეგო მათი სასაცილო „ლოგიკის“ ამოფრქვევები … აბა რა იცოდნენ იმ ქალებმა რა იყო შატილი და ვინ იყვნენ შატილივნები თორემ არ იტყოდნენ ამდენ სისულელეს.
შატილობას შატილში 99% ხომ ტურისტია! თუმცა რას ვიზამთ ბევრის აზროვნების ლიმიტი უაღრესად შეზღუდულია.
ხალხი რომ ცოტა გამეჩხერდა კოცონთან, ვეღარ გავუძელი მეც, ჩემთვის განკუთვნილი საძილე ტომარა მოვიტანე კოცონთან, გავშალე და იქვე დავწექი. ერთხელ ყველამ უნდა დაიძინოს შატილში გარეთ! შატილის ცაზე უამრავი ვარსკვლავი იყო, ვერავინ წარმოიდგენდა რომ ორი საათის წინ თავსხმა და დაუნდობელი წვიმა იყო აქ. ვუყურებდი ცას, მესმოდა გულიდან წამოსული სადღეგრძელოები, ლექსები და სიმღერები, ცეცხლის სუნს ვგრძნობდი და ბედნიერი მივდიოდი ძილისკენ…
შატილში ერთხელ ყველამ უნდა დაიძინოს გარეთ! ასეთი გამოღვიძების შანსი როგორ შეიძელება წაართვა ადამიანმა თავს! თვალს ახელ და ალოგიკურად ლურჯი ცა გახურავს. თვალებიდან გულში შატილისი სილურჯე ჩამეღვარა. ნელნელა გამოძვრნენ ადამიანები კარვებიდან, ზოგს არც სძინებია მთელი ღამე, შეგროვდნენ და მუცოსკენ გაეშურნენ, მე და  რამდენიმე ბანაკში დავრჩით, რომ კარვების ალაგებაში დავხმარებოდით ერთმანეთს. მუცოდან დაბრუნებულებს თითქმის ყველაფერი დალაგებული დავახვერდეთ, მწვადიც შემწვარი გვქონდა უკვე. გავუმასპინძლდით, სამარშუტო ტაქსებში აგვქონდა ბარგი, გარემოს გადავხედე და მივხვდი რომ არ უნდა დაგვეტოვებინა ნაგავი შატილში, მე და ერთი გოგონა საგულდაგულოდ ვაგროვებდით პოლიეთილენის პრუდუქტს. იქნებ მომავალ წელს აღარ იყოს ბუნება ასე განაწყენებლი… წამოვედით… და მთელი გზა ვფიქრობდი რომ ადამინია ბუნების ანაბარა და არა პირიქით…

One thought on “ბუნების ანაბარა (შატილობა)

  1. შენ შემოგევლეე❤

    . . . ძალიაან კარგიააა . . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s