ჰიოტოკოს ნიღაბი

აძუმაბასის ხიდზე ხალხი შექუჩებულა. დროდადრო პოლიციელი მოუწოდებს დაიშალეთო, მაგრამ ბრბო ისევ იყრის თავს.ყველა ელოდება, ხიდის ქვეშ როდის გაივლიან ნავები, რომლებიც აყვავებული ალუბლების დღესასწაულზე მიემართებიან.

ხან კენტად, ხან კი დაწყვილებული ნავები აღმა მიუყვებიან მდინარეს, რომლის დონე მოქცევას მაღლა აუწევია; ბევრ მათგანზე გადაჭიმულია ქერელის ტილო,ზედ დამაგრებული ბოლომდე ჩამოშვებული თეთრი, წითელზოლიანი ფარდებით. ცხვირზე აღმართულია დროშები და ძველი ალმები. ფარდებს მიღმა შეიძლება დალანდოთ ადამიანები, რომლებსაც თავი პირსახოცებით შეუბურავთ იოსიკარელი დედაკაცების ან ბრინჯით მოვაჭრე ქალების მსგავსად და კენს თამაშობენ, თან გაიძახიან: ,,ერთი, ორი!” ვიღაც ცდილობს იმღეროს და თავს მელოდიის ტაქტს აყოლებს.

ზემოდან, ხიდიდან, ეს ყველაფერი ძალზე თავშესაქცევად გამოიყურება. როცა მუსიკოსებიანი ნავები ახლოს ჩაივლიან ხოლმე, ხიდზე მყოფი ბრბო ხმამაღალი შეძახილებით ხვდება მათ. ვიღაც კიდეც გაჰყვირის:,,აი, სისულელე”!

ხიდიდან მდინარე ჩამოჰგავს ტყვიის ფირფიტას, რომელზეც მზე ბრწყინავს, დროდადრო ტალღებს მოცურავე კატერები თვალისმომჭრელად ავარაყებენ. მდინარის გლუვ ზედაპირზე ტილის ნაკბენივით იჭრება დოლების მხნე ხმაური, ფლეიტისა და სიამისენის ბგერები. საპოროს ლუდის სახდელი ქარხნის აგურის კედლებიდან შორს, მიწაყრილს მიღმა გაჭიმულა რაღაც შებოლილი, მოთეთრო ჭუჭყიანი-სწორედ ესაა ალუბლები, რომლებიც ახლა ყვავიან. ბევრი იაპონური და ევროპული ნავია კოტოტოის ნავსაყუდელთან. უნივერსიტეტის კანჯოების ფარდული მათ მზისაგან იფარავს და აქედან ჩანს მხოლოდ, როგორ მოძრაობს რაღაც ჭუჭყიანი და მუქი.

მაგრამ, აი, ხიდის ქვეშ გამოჩნდა კიდევ ერთი ნავი.

სხვების მსგავსად, ეს ოთხნიჩბიანი ნავიც მიემართება აყვავებული ალუბლის დღესასწაულზე. ნიჩბოსნებს ნავზე დაუმაგრებიათ წითელ-თეთრი ფარდები და იმავე ფერის ზოლიანი ალამი, თავი შეუბურავთ პირსახოცებით.პირსახოცებს ახატია ალუბლის ყვავილები. ნიჩბოსნები რიგრიგობით უსვამენ ნიჩბებს და ორთაყვირით აძლევენ ბიძგს. ნავი მაინც ნელა მოძრაობს. ფარდების ჩრდილში ათიოდე ადამიანია. სანამ ნავი ხიდის ქვეშ შევიდოდა, ისინი ასრულებდნენ ორ სიამისენზე ,,გაზაფხულის ქლიავის ყვავილში”, ან მუსილა დასცხო. ხიდზე მდგარმა დოყლაპიებმა კვლავ შეძახილებს უმატეს.

ისმის ბავშვების ტირილი, რომელსაც აურზაურში თითქმის ჭყლეტენ. შემდეგ გაისმა ქალის გამყინავი ძახილი ,,ე,უყურეთ! აგერ, ცეკვავს!” გემბანზე მუსიკის ტაქტს აყოლილი ჰიოტოკოს სახუმარო ნიღბიანი დაბალი ტანის მამაკაცი როგორღაც უაზროდ დახტის.

მან ჯერ კიდევ ადრე გაიხადა ტიტიბუში დამზადებული ქსოვილის ზედასამოსი და გამოამზეურა ვიწროსახელოებიანი კაშკას ნაწრის პერანგი. ის რომ ძალზე მთვრალი გახლდათ, ნათლად ჩანდა, იქიდანაც,რომ სავყოშებიანი საყელო დაუდევრად გაღეღოდა, მუქ-ლურჯი- ქამარი გახსნოდა და უკან დასთრევდა. ცეკვავს, რათქმა უნდა, სულელურად. ასრულებს სხეულის რაღაც მოუქნელ მოძრაობებს და დაუსრულებლად იქნევს ხელებს საღვთო ცეკვების დარად. მაგრამ ესეც ისე გამოიყურება, თითქოს, ძლიერ დამთვრალა, საკუთარ ტანს ვერა ფლობსო და ზოგჯერ გეჩვენება, რომ მან წონასწორობა დაკარგა და უბრალოდ ამოძრავებს ხელ-ფეხს, რათა წყალში არ ჩავარდეს.

-აი, ეს სიარულია!

-როგორ გამხიარულდა! საიდანაა ეს ფიტული?!

-თავშესაქცევია! ე, უყურეთ, ბარბაცებს!

-უკეთესი იქნებოდა, უნიღბოთ ეცეკვა!

და ყველაფერი მეორდებოდა.

ამასობაში – ღვინომ თუ იმოქმედა ძლიერად – მოცეკვავის მოძრაობანი უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა. მისი თავი, ნიკაპთან სადღესასწაულო პირსახოცით შეკრული, ისე ირწეოდა, როგორც გაფუჭებული მეტრომონის ისარი და სადაცაა წყალში გადავარდებოდა.

მენავე შეშფოთდა კიდეც და ორჯერ შესძახა, მაგრამ მას, ეტყობა, არ ესმოდა.

უცებ მიმავალი კატერის მიერ დატოვებულმა განივმა ტალღამ მაღლა შეახტუნა ნავი. იმ წუთში ნიღბიანი კაცუნა, თითქოს დაარტყესო, სამი ნაბიჯით წინ წავარდა, უკანასკნელი დიდი წრე შემოხაზა, გაშეშებული, როგორც ბრუნვაშეწყვეტილი ჩიკორი, ნავის ფსკერზე პირქვე დაეცა და ტრიკოტაჟისსაცვლიანი ფეხები მაღლა აიშვირა.

ხიდზე შეგროვილმა სეირის მაყურებლებმა კვლავ გაიცინეს. ამ დარტყმისაგან ნავში, ვგონებ, სიამისენს სახელურიც მოტყდა. ფარდებს მიღმა ხმაურიანი მთვრალი კომპანია შეძრწუნებული ხან დგებოდა, ხან ჯდებოდა. ორკესტრი, მთელი ძალით რომ უკრავდა, მოულოდნელად გაყუჩდა, თითქოს ჩაკვდაო. მხოლოდ ხმამაღალი შეძახილები ისმოდა. ალიაქოთი ატყდა.

რაღაც დროის შემდეგ ტენტის ქვეშიდან წითურმა კაცმა ამოყო თავი და დაბნეულმა მენავეს რაღაც საჩქაროდ უთხრა. მაშინ ნავმა რატომღაც მკვეთრად აიღო გეზი მარჯვნივ და გაემართა არა იმ მხარეს, სადაც ალუბლები ჰყვაოდნენ, არამედ მოპირდაპირე ნაპირისკენ, იმანოსიუკისაკენ.

ნიღბიანი კაცის სიკვდილი ხიდზე მყოფმა სეირის მოყვარულებმა ათი წუთის შემდეგ შეიტყვეს. უფრო დაწვრილებით ცნობები გამოქვეყნდა მეორე დღეს გაზეთის განყოფილებაში ”სხვადახვა”. იქ ნათქვამი იყო, რომ ამ კაცს იმამურა ჰეიკიტის ეძახდნენ და ტვინში სისხლის ჩაქცევისაგან გარდაიცვალაო.

. . .

იმამურა ჰეიკიტი – ნიჰობასის რაიონში, ვაკამაცუ-მატიში მამისაგან მემკვიდრეობად მიგებული სამხატვრო მაგაზიის მფლობელი.

მოკვდა ორმოცდახუთი წლის ასაკში. დარჩა ჭორფლიანი ცოლი არმიაში მომსახურე ვაჟისშვილი. ოსინი ძალზე მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ მაინც ყავდათ მოსამსახურე და, როგორც ჩანს, სხვებზე ცუდად არ ცხოვრობდნენ.ამბობენ, რომ იაპონია-ჩინეტის ომის დროს მათ შეუსკიდიათ ნატურალური მალაქიტის საღებავის მაღაზია სადღაც აკიტას გარეუბნებში და არც მოტყუებულან. წინათ მაღაზია განთქმული იყო მხოლოდ თავისი ძველი რეპუტაციით, საქონელი კი, რომელიც მათ განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენდა, შეიძლებოდა თიტებზე ჩამოტვლილიყო.

ჰეიკიტი-პირბადრი, მოქაჩლო, უპეების ირგვლივ პატარა ნაოჭებით, რაღაცით სასაცილო ადამიანია და ყველას ელაქუცება. ყველაზე ძლიერ მას უყვარს სმა და შეზარხოშებული გულკეთილი ხდება. მაგრამ მას ერთი თვისება აქვს-როგორც კი დალევს, მაშინვე იწყებს თავის უცნაურ ცეკვას. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაპერი იქიდან დაიწყო, რომ მან ცეკვა შეისწავლა ჰამატიოს ქუცაზე ტოიოდას სასწავლებლის დიასახლისთან, რომელიც ქურუმ ქალთა ცეკვის გაკვეტილებს ესწრებოდა; იმ დროს სიმიხასში და იოსიტოში საღვთო ცეკვები ძალიან მოდაში იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო ტავისი ხელოვნებით დაეკვეხნა.

უხეშად რომ ვთქვათ- მისი ცეკვები რაღაც გიჟურია, ხოლო თავაზიანად – ისინი ოდნავ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კაბულის მსახიობთა მოძრაობანი. მაგრამ თვითონ, ჩანს, ეს შეგნებული აქვს და ფხიზელს გახსენებაც კი არ სურს საღვთო ცეკვებისა . იამამურა-სან! გამოხატე რაიმე! -ეუბნებიან მას, მაგრამ ის თავის დაძვრენას ცდილობდა და ყველაფერი ხუმრობაში გადააქვს. მაგრამ მაინც, საკმარისია შეეხო ღვთაებრივ სასმელს, რომ მაშინვე თავზე პირსახოცს შემოიხვევს, ბაძავს ფლეიტისა და დოლის ბგერებს, იღებს რაიმე პოზას და მხრებს ამოძრავებს, შეპყრობილია სურვილით, რომ იცეკვოს ნიღბით ტავის სახუმარო ცეკვები. და თუ დაიწყო, მაშინვე ზეაღიტაცებს და უკვე აღარ შეუძლია გაჩერება. ამასთან, იგი არ უსმენს არც სიამისენს არც სიმღერებს..

უკვე ორჯერ, ღვინის დამღუპელი ზემოქმედებისაგან, ის წაიქცა და გონება დაკარგა, თითქოს აპოპლეფსია აქვსო. პირველად ეს აბანოში მოხდა, როცა ცხელ წყალს ივლებდა და უცებ დაეცა ცემენტის ნიჟარაზე.

მას ყოველთვის უკრძალავდნენ სმას და თვითონაც საჯაროდ განაცხადებდა ხოლმე, რომ ამიერიდან თავს აღარ შეირცხვენდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სრულდებოდა მხოლოდ პირველ ხანებში, შემდეგ კი იწყებოდა ,,ერთი ჭიქიდან,” თანდათანობით მატულობდა და არ გადის ნახევარი თვეც, რომ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. მაგრამ ის დამშვიდებულია, ა ყველაფერი მთავრდება თვითკმაყოფილი განცხადებით:,,მე თუ ვსვამ, უარესად ვარ”

* * * მაგრამ ჰეიკიტი მარტო ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი არ სვამს.თუმცა თვითონ ასე ამბობს.მას არ შეუძლია სმის მიტოვება ფსიქოლოგიური მიზეზებოს გამოც.მხოლოდ შექეიფიანებული თამამდება და არავისი აღარ რცხვენია. სურს ცეკვა -იცეკვებს. სურს ძილი-დაიძინებს. არავის შეუძლია მას უსაყვედუროს. ხოლო ჰეიკიტისათვის ეს ყველაზე მთავარია. რატომაა მთავარი? თვითონაც არ ესმის.

მან მხოლოდ ის იცის, რომ როცა დალევს, სხვა ადამიანი ხდება.

ცეკვით იჯერებდა და, როცა გამოფხიზლდებოდა, ზოგჯერ ეტყოდნენ: ,, აი, გუშინ ბლომად დალიე”.. მას, რა თქმა უნდა

და, საშინლად შერცხვებოდა და ჩვეულებრივად ტყუილს დაახეთქებდა:,,როგორც კი დავლევ, მაშინვე ვკარგავ აზრს. აი, დღეს ავდექი და არ მახსოვს, გუშინ რას ვაკეთებდი, თითქოს სიზმარია”. სინამდვილეში კი კარგად ახსოვს, რომ ცეკვავდა და მერე დაიძინა. და ძნელი წარმოსადგენია, რომ გუშინდელი და დღევანდელი ჰეიკიტი- ერთი და იგივე პიროვნებაა. რომელია მათგან ნამდვილი, თვითონაც ვერ გაუგია. იშვიათად სვამს, უფრო ხშირად ფხიზელია.

როგორც ჩანს, ფხიზელი ჰეიკიტია სწორედ ნამდვილი, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ თვითონ ჰეიკიტი ვერ დაუდგება თავდებად ვერც ერთს. აკი ყველა მისი სამარცხვინო საქციელი თითქმის ყოველთვის სიმთვრალის დროსაა ჩადენილი. ცეკვები- ეს კიდევ არაფერი; თამაშობს ფერად ბანქოს, უწვება მეძავ ქალებს. ერთი სიტყვით, აკეთებს იმას, რაც არც ითქმის. ვერავინ დაამტკიცებს, რომ თითქოს ასეთ საქმეებსი ვლინდება მისი ჭეშმარიტი ,,მე”. ღმერთ იანუსს ორი სახე აქვს და არავისთვისაა ცნობილი, რომელი მათგანია ნამდვილი. ასეა ჰეიკიტიც.

მე უკვე ვთქვი, რომ ფხიზელი ჰეიკიტი და მთვრალი ჰეიკიტი ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია.

ცოტა ვინმე თუ ტყუის ისე, როგორც ფხიზელი ჰეიკიტი. ზოგჯერ ის თვითონ გრძნობს ამას. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ანგარებით ტყუის. ტყუის თითქმის შეუგნებლად, და მაშინვე ამჩნევს ამას, მაგრამ სანამ იტყუება, დრო არ აქვს მის შედეგებზე იფიქროს.

ჰეიკიტის არ შეუძლია ახსნა, რატომ ტყუის. მაგრამ საკმარისია ვინმეს დაელაპარაკოს, რომ ენას მაშინვე თავისთავად სწყდება ტყუილი, რომელზეც არც უფიქრია. მაგრამ ეს მაინდამაინც არ აწუხებს არ მიაჩნია მავნებლობად იმიტომ, რომ ჰეიკიტი პირველად არ ტყუის გულარხეინად.

ჰეიკიტი როგორღაც ჰყვებოდა, რომ თერთმეტის წლისამ დაიწყო სამსახური საწერი ქაღალდის მაღაზიაში, მინამი- დემატიოში რომ მდებარეობს. მისი პატრონი მორწმუნე იყო და ვახშამსაც არ ეკარებოდა, სანამ არ ილოცებდა.

ჰეიკიტის მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, რაღაც უეცარი გრძნობას აყოლილი პატრონის ცოლი ახალგაზრდა ნოქართან ერთად გაიქცა. ლოცვებზე გაგიჟებულ მფლობელს არ უშველა თავისმა რწმენამ, რომლის საშუალებითაც ის ცდილობდა ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას, ამიტომ თუ იყო, რომ ის უცებ გახდა სექტა მონტოს წევრი, მდინარეში გადააგდო ტაისიაკუს ხატი, ქვაბის ქვეშ შეაგდო სიტიმენის ხატი და დაწვა,- და საერთოდ, ბევრი რამ ჩაიდინა რწმენის საწინააღმდეგოდ.

ჰეიკიტიმ მაღაზიაში ოც წლამდე დაჰყო და ხანდახან, ანგარიში თუ მოატყუებდა ვინმეს, სადმე მიემართებოდა გასართობად. ჰყვებოდა, რომ დაუახლოვდა ერთ ქალს, რომელმაც შესთავაზა, ერთად მოეკლათ თავი, მაგრამ შეეშინდა. სხვადასხვა საბაბით შეეძლო თვითმკვლელობა აეცილებინა, მალე კი გაიგო, რომ ქალმა სამი დღის შემდეგ ლითონურ ნაკეთობათა სახელოსნოს მუშასთან ერთად დაამთავრა სიცოცხლე. ის მამაკაცი, რომელსაც ეს ქალი ჰყვარობდა, სხვა დიაცთან წავიდა და ამის პასუხად, სურდა პირველსავე შემხვედრთან მოეკლა თავი.

ჰეიკიტის ოცი წელი რომ შეუსრულდა, მამა მოუკვდა, მაღაზიაში ანგარიში გაასწორა და შინ გაემგზავრა, ნახევარი თვის შემდეგ ნოქარმა, რომელიც მამის სიციცხლეშივე მუშაობდა, ახალგაზრდა პატრონს სთხოვდა წერილი დაეწერა. ნოქარი ორმოცდაათიწლის, ზედმიწევნით წესიერი კაცი იყო. იმხანად მას მარჯვენა ხელის თითები დაზიანებოდა და წერა არ შეეძლო.

ჰეიკიტიმაც თხოვნა შეუსრულა და დაწერა: ,,საქმე კარგადაა, მალე ჩამოვალ”. წერილის ადრესატი ქალი იყო და ნოქარს დასცინა : ,,უყურეთ როგორი მარჯვე ხართ”! პასუხად მან მოკლედ მიუგო: ,,ამ წერილს დასა ვწერ”. სამი დღის შემდეგ ნოქარი სახლიდან გადის, იბარებს, რომ მყიდველებთან მიდის შეკვეთებზე და აღარ ბრუნდება. ანგარიშის შემოწმებისას კი აღმოჩნდა დიდი დანაკლისი. წერილი, ყველა ვარაუდით, საყვარელს გაუგზავნა. სხვაგან სად იპოვი ჰეიკიტის მსგავს სულელს, რომელმაც თვითონ დაწერა ასეთი!….

ეს ყველაფერი ტყუილია. მაგრამ ამ მონაგონის გარდა ჰეიკიტის ცხოვრებისაგან (იმისა, რომელიც ხალხისათვის ცნობილია), ალბათ არაფერი დარჩება.

მთვრალი ჰეიკიტი ალბათ მეზობლების ნავში ჩაჯდა.

ნავი აყვავებული ალუბლის ზეიმზე მიემართებოდა და ორკესტრანტებს ჰიკოტოკოს ნიღაბი გამოართვა.

უკვე მოგიყევით, რომ ის ნავის ფსკერზე დაეცა და ცეკვისას მოკვდა.

ნავში მსხდომნი განცვიფრებაში მოვიდნენ, მაგრამ სხვებზე მეტად გაკვირვებული იყო მუსიკის პატივცემული მასწავლებელი, რომელსაც ჰეიკიტი ზედ თავზე დაეცა, შემდეგ კი გადავარდა წითელქსოვილგადაკრულ ნავის შკაფუტზე, სადაც კომბოსტო და მოხარშული კვერცხები ეწყო.

– რა ხუმრობაა? შენ შეიძლება დაჭრილიყავი! მკაცრად თქვა თანამეინახეების წინამძღოლმა, რომელსაც ეგონა, ჰეიკიტი ხუმრობსო. მაგრამ ჰეიკიტი არ ინძრეოდა.

პარიკმახერმა, რომელიც ახლოს იჯდა და რაღაც უსიამოვნო იეჭვა, ჰეიკიტის მხარეზე ხელი დაადო და ჩასძახა : ,,უფროსო, ეი, უფროსო!” – მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღია. ჰეიკიტის მაჯა გაუსინჯა და სიცივე იგრძნო. მან და და წინამძღოლმა ჰეიკიტი ასწიეს. იქ მყოფნი აღელვებულნი დაიხარნენ. ,,უფროსო, ეი, უფროსო”!

-ბოლოს ხმამაღლა შეჰყვირა პარიკმახერმა.

ამ დროს ოდნავ გასარჩევი ბგერა – ამოსუნთქვა, თუ ხმა – მოესმა პარიკმახერს ნიღბის ქვემოდან.

“ ნიღაბი… მოხსენით ნიღაბი”… წინამძღოლმა და პარიკმახერმა მოცახცახე ხელებით მოგლიჯეს ნიღაბი და პირსახოცი.

მაგრამ რაც მათ ნიღბის ახდის შემდეგ დაინახეს, უკვე აღარ ჰგავდა ჰეიკირის სახეს. პატარა ცხვირი წაწვეტებოდა, შეცვლოდა ტუჩების ფერი, გაფითრებულ შუბლზე ოფლის ღვარი ჩამოსდიოდა. ვერავინ იცნობდა მასში მხიარულ, მასხარა, ყბედ ჰეიკიტის. უცვლელი იყო მხოლოდ ამობურცულტუჩიან, განზრახ მოსულელო, ჰეიკიტისაკენ მშვიდად მაცქერალი წითელქსოვილიანი ჰიოტიკოს ნიღაბი.

დეკემბერი, 1915 წ..

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s