მთვარით განათებული ბაღი

ვერა და ვერ გამიგია, რა აცინებდათ, რა იყო სასაცილო? რა ეშმაკი შეუძვრათ გულ-მუცელში, რომ ფერდებზე ხელებს იჭერდნენ, სკამებზე ხტოდნენ და ისე ხორხოცობდნენ, იქაურობას სულ ზრიალი გაუდიოდა! თუ გიჟები იყვნენ, რაღა ყველა გიჟმა ჩვენთან მოიყარა თავი, ექსკურსიაზე ხომ არ წამოასხეს ბოლოს და ბოლოს! არა, მართლაც ბედისწერაა ყველაფერი, ვერაფერს ახსნი… მერედა, რა მშვენიერი იყო ჯულიეტა იმ თეთრ კაბაში! მართალია, კიბეზე რომ ჩამორბოდა ხელებგაშლილი, კაბის კალთაზე ფეხი დაიდგა და კინაღამ დაგორდა, მაგრამ მსგავს ინციდენტებზე კულტურული საზოგადოება ხომ არ იცინის!.. ერთხელ მეც შევესწარი სახელმწიფო თეატრში, გონგადასულმა მედეამ ეტლიდან რომ ისკუპა, კაბა რაღაცას წამოსდო და მთელი ტანით დააწყდა თავის ერთ-ერთ შვილს, რომელსაც, წესით, უნდა მოხვეოდა, ეტლში აეყვანა და იქ, ძმასთან ერთად ნაზად მოეკლა. ბავშვი ძირს დაენარცხა, გულგახეთქილი წამოხტა და ღრიალით გავარდა სცენიდან. გამოედევნა გამზრდელი, ფარდის უკან იაზონმაც სტაცა ხელი და ძლივს დააბრუნეს, რადგან მისი იქიდან ცოცხლად გაშვება არაფრით არ გამოვიდოდა. პირველი რიგის მაყურებლებს, დიახაც, კარგად გვესმოდა, ბავშვებს როგორ ამშვიდებდნენ, სად გარბიხარ, ჯერ ხომ არ დაუხოციხართო, ცოტაც მოიცადე, დედა მოგკლავთ და მერე სადაც გინდა, იქ წაგიყვანთო. ამასობაში მეორე ბავშვმა ძლივს ააყენა ძირს გაშოტილი, დათეთქვილი მედეა, რომელსაც იმათი მოკვლის კი არა, განძრევის თავიც აღარ ჰქონდა და შუბლზეც იმხელა კოპი დასჯდომოდა, ვერაფერი სანახავი იყო. ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მე თუ მკითხავთ, თან წინასწარ რომ დაისაჯა გაავებული დედა ბავშვების მოკვლისათვის, მაგრამ ყველამ თავი შეიკავა! კარგად ვხედავდი, შეკავებული სიცილისაგან სახეები რომ დაეღრიცათ და მუცლები უკანკალებდათ. ზოგმა ცხვირსახოცში ატეხა ხველება, ზოგმა სათვალე მოიხსნა და წმენდას შეუდგა ერთიანად გაჭარხლებული… კინაღამ გაიგუდნენ, მაგრამ არავის გაუცინია, სახელმწიფო თეატრი იყო და იმიტომ… აქ კი?

არა, ნამდვილად ჩვენი წარსულის ბრალია ყველაფერი, წარსულს ხომ ვერსად გაექცევი: ჩვენ კი ადრე ცირკში გამოვდიოდით. ხომ მიმიხვდით, რის თქმაც მინდა? მაშასადამე, ხალხს ვაცინებდით, ვამხიარულებდით. და ახლა, სადაც არ უნდა დაგვინახონ, სულერთია, სიცილ-ხარხარი აუტყდებათ, გინდაც მაგათ წინ ვენები გადაიჭრა. არა, ნამდვილად ეს იყო მიზეზი. მაგრამ, მოიცათ! თუ ასეა, როგორღა ავხსნა ის ფაქტი, რომ ერთადერთი, ვინც არ იცინოდა, ვინც გაფითრებული და დაძაბული შესცქეროდა სცენაზე აბობოქრებულ ვნებათაღელვას, ერთი იმათთაგანი გახლდათ, რომელთათვისაც ფაქტიურად არსებობს ცირკი, ვინც საცირკო სანახაობის ნამდვილი ადრესატი და მუდმივი სტუმარია _ ბავშვი! ათიოდე წლის, ფართოთვალება, წვრილმაჯებიანი, გრძელთმება ბიჭი იჯდა პირველ რიგში და თვალებად იყო ქცეული, იმდენად, რომ სიცილი თავიდან არც გაუგონია. მაგრამ მერე და მერე, ყურთასმენა რომ წაიღეს (არადა ის-ის იყო ჯულიეტამ რომეოს გვამთან დაირტყა დანა და, ღმერთო ჩემო, რა წარმტაცად გადააგდო თავი!), წამოხტა, მუშტებშემართული მიუბრუნდა იმ ეშმაკების ჯგროს და დაიღრიალა, გაჩუმდითო. ეჰ, გახსენებაც კი აღარ მინდა. მართლაც და, საშინელი წუთები იყო ჩვენს ცხოვრებაში.

ცირკში კი, ცირკში, რასაკვირველია, დიდი წარმატება გვქონდა. შენობა ინგრეოდა ტაშით, სიცილითა და მხიარულებით. ჩვენი განთქმული დასი, რომელიც ორმოცდაათ წევრს ითვლიდა თავის რიგებში, ჩვენი ქალაქის უდიდეს სიამაყეს წარმოადგენდა და სიმართლე თუ გინდათ, ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობასაც, ბოლო ხანებში. და ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დედაქალაქს არ აკლია ისტორიულ-კულტურული საგანძურები. მაგრამ მაინც გადაჭარბებული არ იქნება, თუ განვაცხადებ: უფართოესი მასშტაბებით მას სწორედ ჩვენმა დასმა გაუთქვა სახელი. ოღონდაც! ამ… ე. ი. ჩვენ საქმეში ჩახედული პირებიდან ვინ არ დამეთანხმება, რომ ერთი _ არცთუ ისე დიდი ქალაქისათვის ორმოცდაათი ლილიპუტი მართლაც რომ გასაოცრად დიდი რიცხვია. სად აღარ იუწყებოდნენ უზარმაზარი, ბრწყინვალე აფიშები – ” ლილიპუტების ცირკი ქალაქ №№-იდან”. იმასაც გეტყვით, რომ თუ სხვა დასებშიც ჰყავთ თითო-ოროლა ლილიპუტი, ისინი იქ დამხმარე როლს ასრულებენ და ჟონგლიორების, ეკვილიბრისტებისა თუ კლოუნების თანაშემწეებად გვევლინებიან: ან რგოლს მიაწოდებენ, ან ილუზიონისტის ჭრელი ყუთიდან ამოყოფენ მოულოდნელად თავს, ან დადგებიან და გაწვრთნილი ძაღლები ზედ თავზე გადაევლებიან ხოლმე. ჩვენ კი პროფესიონალი მსახიობები გახლდით და ყველა ძირითად ნომერს თავად ვასრულებდით. მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა ყოფილიყო იქ ჩვენი მოღვაწეობა, ცირკი _ ცირკია. ცირკს აკლია… თუ გნებავთ _ პოეზია, დახვეწილი გემოვნება, არტისტიზმი… მეტსაც გავბედავ _ ამაღლებული სული! თუმცა კი იქ ნამდვილ რისკთან გვაქვს ხშირად საქმე და ამდენად, ნამდვილი ცხოვრების სუნიც უდის, მაგრამ მაინც უფრო სპორტთან დგას ახლოს, ვიდრე ნამდვილ ხელოვნებასთან… ზოგი ე. წ. “ეფექტური” ნომერი ისეთი დაძაბულობისა და ჭაპანწყვეტის ფასად სრულდება, რომ სიამოვნებას ვეღარც კი იღებ, თანაც მსახიობების გაფითრებულ სახეზე რომ გატანჯული ღიმილი გადაიჭიმება, ეს ხომ მთლად საშინელებაა! აკრობატული, ჟონგლიორული, თვით მასხარათა ნომრებიც კი დაიშტამპა და ახლა ყოველი ცირკის პროგრამა ძირითადად წინასწარ ვიცით. მე თუ მკითხავთ, იმიტომ იცინის ხალხი და მხიარულობს, რომ ამაში ფული აქვს გადახდილი. რა თქმა უნდა, არა ერთი და ორი პიროვნება იცის ცირკის ისტორიამ, ვისაც შემოქმედებითი სიახლე შეჰქონდა თავის საქმეში, თუნდაც ის დიდებული კლოუნი რად ღირს (გვარს არ დავასახელებ, რათა შური არ აღვძრა მის მიმართ), რომელიც იუმორისტულსა და პოეტურს ისეთი ფაქიზი არტისტიზმით ათავსებდა ერთმანეთთან, რომ მართლაც დიდი ხელოვნება გამოდიოდა! მაგრამ ასეთები, სამწუხაროდ, გამონაკლისს წარმოადგენენ. ჩვენ კი, პირველ რიგში, ჩვენი აღნაგობა გვშველოდა, რათა ყველასაგან გამორჩეული ვყოფილიყავით, ის ბავშვური, ლაღი, უშუალო განწყობილება, რაც ჩვენი წარმოდგენის დროს სუფევდა. ამავე დროს, ბავშვებს ბავშვები ვეგონეთ და ეს, რასაკვირველია, ყოველნაირად ხელს უწყობდა ჩვენს კონტაქტს… მაგრამ რა ფასად დაგვიჯდა თუნდაც ის, რომ ჩვენს ორკესტრს (რომლის დირიჟორიც ყოფილი მოკრივე გახლდათ და მუსიკოსები კი იმას ახერხებდნენ, რომ თან დაეკრათ და თან ლიმონათის ან ლუდის ბოთლები მოეყუდებინათ) პროფესიულ დონეზე შეესრულებინა გემოვნებით შერჩეული, დახვეწილი მუსიკა და ისე ყურისწამღებად არ ეგრიალა თავისი მარშებით. ამისათვის ჩვენ ახალი ორკესტრის მოწვევა მოგვიხდა, რაც ხანგრძლივ და დაუღალავ ბრძოლას ნიშნავდა. ერთი სიტყვით, ცირკის თაობაზე მე ჩემი პროფესიული შეხედულებანი მაქვს, მაგრამ მრავალი მიზეზის, პირველ რიგში კი იმის გამო, რომ ეს ძალზე შორს წაგვიყვანდა, მსჯელობას აღარ გავაგრძელებ. მთავარი ის გახლდათ, რომ ჩვენ ცირკი აღარ გვაკმაყოფილებდა… რაღაც დიდისა და სერიოზულისაკენ გვიწევდა გული…

აბა, როგორ დამავიწყდება, როცა ერთხელ გაშმაგებული დავეძებდი ჩემს კოლეგას, რათა თავისი ნომრისათვის მომზადებულიყო და ვერსად ვპოულობდი (მისი ნომერი კი ის გახლდათ, რომ მას შემდეგ, რაც თოკზე აცოცდებოდა და იქიდან ბაგირზე გაირბენ-გამოირბენდა, ცოტა უნდა წაეცეკვა და მერე თავით გადმოშვებულიყო იმ სიმაღლიდან, ქვემოთა ბაგირზე ფეხზე დამდგარიყო და ისე უდარდელად გაევლო, თითქოს არაფერი არ მომხდარაო), სადღაც ბოლოში, გაწვრთნილი ცხოველების გალიებს შორის აღმოვაჩინე! იდგა ჟირაფის ქვეშ, დიახ, ბატონებო, ხელში პატარა წიგნი ეჭირა, ცალი ფეხი წინ წაედგა, ხელი მკერდზე მიეკრა და შთამაგონებლად მიმართავდა უხილავ საზოგადოებას: “– ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარა, მე შევიყვარე ჩემთა ჭირთა თანაგრძნობისთვის”. ჟირაფს კი თავი დაეხარა და გრძელთვალებგაშტერებული ყურადღებით უსმენდა. ჯერ გავოგნდი, მაგრამ მერე გული მომეწურა. დიახაც, გასაგები იყო ჩემთვის ჩემი კოლეგას სულისკვეთება… თუ ამაღლებული ცხოვრებისაკენ გრძნობ მისწრაფებას, ვის შეუძლია აგიკრძალოს და სამუდამოდ მანეჟზე კუნტრუში მოგისაჯოს, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ხარ? დიახ, აბა, ვინ გაიგებდა, რომ ერთხელ ჩვენი სახელგანთქმული მასხარა მართლა ატირდა, როცა მანეჟის შუაგულში დაგორებული ვეებერთელა საზამთრო უცბად გადაიხსნა და შიგ მჯდომმა ჩვენმა კლოუნმა, ნაცვლად იმისა, რომ ამომხტარიყო, ილუზიონისტის წინაშე დაეჩოქა და შეეძახა: გმადლობ, დიადო ჯადოქარო, შენ მიხსენიო, –  ძლივს აიღო წიგნიდან თავი, რომელსაც ჯიბის ფარნით ანათებდა და ისე კითხულობდა… გაოგნებულმა მიმოიხედა და თვალცრემლიანმა სრულიად სერიოზულად მიმართა მაყურებელს: მოდით… ყველამ ერთად ვიტიროთ, ის უკვე მოკვდაო. სიცილმა იფეთქა დარბაზში, თუმცა არც სიტყვები გაუგონიათ და არც თეთრი თაგვები ჩამოცოცებულან მასხარას ფერადყვავილებიანი შარვლის განიერი ტოტებიდან, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

მერედა ვინ იყო ის “ის” ? არც მეტი არც ნაკლები – ანტიგონე! ამ მამაცი ქალიშვილის ტრაგიკულ ამბავს ისე აეღელვებინა ჩვენი მასხარა, რომ, მყუდროებას მონატრებული, დიდი ხნით ადრე ჩამჯდარიყო იმ საზამთროში (გონივრულად ფარანიც თან შეეტანა), რათა მთელი არსებით ზიარებოდა საბედისწერო სიუჟეტის მსვლელობას და სცენაზეც კი ვერ გამოერკვა. სამაგიეროდ, სხვა გამოერკვა, შეეჭვდა და შეფიქრიანდა! ცირკის დირექტორმა დიდხანს ათვალიერა წაღმა-უკუღმა ის წიგნი, მრავლისმეტყველი და ავისმომასწავებელი დუმილით შებრუნდა კაბინეტში და ჩაიკეტა! ან როგორ არ ჩაიკეტებოდა! განა ღრმა ანალიზი არ სჭირდებოდა იმ ფაქტს, რომ ყველა ის უცნაურობა, რამაც ბოლო დროს დასის წევრთა შორის იჩინა თავი და რასაც აშკარა არევ-დარევა შეჰქონდა ჩვენს მოღვაწეობაში, გარკვეული ჯურის წიგნებთან იყო დაკავშირებული? ჯერ მარტო ბეატას საქციელი რად ღირდა! (სწორედ ბეატა გახლდათ, ასე ბრწყინვალედ რომ შეასრულა ჯულიეტას როლი): ხუჭუჭა პუდელების, თეთრი თხისა და წაბლისფერი მელიის ამალით სცენაზე რომ გამოდიოდა, ბოლო დროს მოკლე, ბრჭყვიალა სარაფნის ნაცვლად, ის ხომ გრძელ თეთრ კაბასა და ასეთსავე გრძელ მოსასხამში იყო გამოწყობილი, რომლის კალთებიც მოწიწებით მოჰქონდათ თხასა და მელაკუდას! თავის გაწვრთნილ ცხოველებთან ერთად კი აღარ დახტოდა და კისკისებდა, არამედ მიმოხრა სულ უფრო დედოფლური, ასე ვთქვათ, საიდუმლოებით მოცული უხდებოდა!

და მერე რით დამთავრდა ეს ყველაფერი? ერთხელაც მისმა საყვარელმა და ყველასათვის ცნობილმა თხამ –ბიკიმ, დიდი, ვარდისფერი კალათიდან, რომელსაც ჭრელი ქაღალდის პეპლები ასხდნენ, ბაფთებიანი შლაპა კი არ ამოიღო, ორ პუდელს მისთვის თავზე რომ უნდა დაეხურა, არამედ ისევ და ისევ რაღაცა პატარა წიგნი და იქვე ჩაცუცქულმა გადაშალა, თავი ჩარგო და კიკინს მოჰყვა! მართალია, ნომერმა ამით მხოლოდ მოიგო და ბავშვების მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა დირექტორმა ხომ იცოდა, რომ იქ წიგნი კი არა, შლაპა უნდა ყოფილიყო და ეს წიგნი რაღაც ფატალურად გაჩნდა იმ კალათში (როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ბეატამ სიჩქარეში სხვაგან ვერსად მოახერხა მისი მიმალვა და ბოლოს სულ გადაავიწყდა), შლაპა კი კალათშივე დარჩა, და დაბნეულმა ბეატამ სწრაფად გამოგლიჯა რა თხას ის ავბედითი წიგნი, არანაკლებ დაბნეულ ცხოველს უბრძანა ისევ კალათში ჩაერგო თავი. მერე ნომერი თავისი წესით გაგრძელდა, მაგრამ დიდი ხანი არ გასულა ამ ინციდენტის შემდეგ, რომ ყველა ეს წიგნი დირექტორის კაბინეტში აღმოჩნდა და იქ აფორიაქებული და დაძაბული კვლევის საგნად იქცა. და ჩვენ, ვინც კაბინეტის წინ ვითომ ყოველგვარი განზრახვის გარეშე საქმიანად მიმოვდიოდით, იქიდან გამოღწეული დაბნეული ბურტყუნიდან მხოლოდ ერთ სიტყვას მოვკარით ყური: “ეპიდემია”. დირექტორისთვის სრულიად ცხადი შეიქნა, რომ ჩვენში მომხდარი აუხსნელი ცვლილება სახელგანთქმული დასის მოღვაწეობას აშკარა საფრთხით ემუქრებოდა. დიახ, სიმართლეს ვერ დავმალავ: ლილიპუტების ცნობილ ცირკს წყალი ჰქონდა შემდგარი და მერე რა წყალი! ეს იმ წიგნების ბობოქარი სული გახლდათ, სადაც დიდ-დიდნი დრამტურგნი ადამიანთა ამაღლებულ ვნებებზე მოგვითხრობდნენ, საოცარი ძალით გვიხმობდნენ ნამდვილი ცრემლისა და ნამდვილი სიკვდილისაკენ, გვიღვიძებდნენ დაუძლეველ სწრაფვას, დაგვევიწყებინა ჩვენი პატარა ყოფიერება და ჩვენს პატარა სხეულებში დიდი ცხოვრების ფეთქვა გვეგრძნო.

დირექტორს ჩვენთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდით ისეთ სიურპრიზებს, რომლებიც მის მიერ შემუშავებულ საბრძოლო ტაქტიკაზე მიგვანიშნებდნენ. ასე მაგალითად, ერთ თავისუფალ საღამოს, ჩემი ტუმბო რომ გამოვხსენი, სადაც ჩემი საყვარელი წიგნი მეგულებოდა და წინასწარ ვნეტარებდი იმ სიამოვნების მოლოდინში, რასაც შორეულ, ასე მონატრებულ ცხოვრებაში შესვლა მანიჭებდა, ნაცვლად ამისა, პრიალა ყვითელყდიანმა წიგნმა შემომანათა – “სიცილი – ჯანმრთელობაა”. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი კოლეგებიც, ზოგი სასთუმალქვეშ, ზოგი პალტოს ჯიბეში ან საცირკო ინვენტარის რომელიმე კუნჭულში ასეთსავე წიგნებს წააწყდნენ იქ გადამალული ტრაგედიების ნაცვლად: – “მასხარას პროფესია – კეთილშობილური პროფესიაა!”, “ცირკი – საუკუნის სული!”, “გვეძახის, გვიპყრობს, გვამხნევებს – მანეჟი!”, თქვენ თავად განსაჯეთ, რა ზღვარს აღწევდა იმ ხანებში ჩემი აგზნებულობა, რომ ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რაც აშკარა გამოწვევას, ასე ვთქვათ, ამბოხს უდრიდა: ის ხსენებული ყვითელი წიგნი, ხსენებულ წარწერიანი, შეუმჩნევლად დავტოვე დირექტორის კაბინეტში მაგიდაზე, პატარა ბარათთან ერთად: “თუკი სასაცილო არაფერია, ვინმე გააცინო _ მოტყუებაა!” არც ამის შემდეგ უთქვამს დირექტორს რაიმე, ეტყობა, ტაქტიკის შეცვლასა და კონტრშეტევის განხორციელებაზე ფიქრობდა. ამასობაში კი არც ჩვენ ვკარგავდით დროს. სწორედ დირექტორის ჩარევამ განაპირობა, რომ ჩვენი სპონტანური მღელვარება უკვე ჩამოყალიბებულ პროგრამად გადაიქცა. დასამალი რაღაა და გამოგიტყდებით, რომ უკვე მაშინ მიმოწერა გვქონდა გაჩაღებული ქალაქის ერთ-ერთ ინსტანციასთან, რომელსაც რკინისებური ლოგიკით ვუსაბუთებდით ჩვენი სულისკვეთების სამართლიანობას, მოვითხოვდით, გასაქანი მიეცათ ჩვენი ვნებათაღელვისათვის. ძალიანაც კარგად მოგვეხსენებოდა, რომ ლილიპუტების დასის დაშლა არაფრით არ შედიოდა ჩვენი ქალაქის მმართველობის ინტერესებში, არც ფინანსური, არც რაიმე სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ჰუმანიზმის პრინციპებზე დაფუძნებულ ჩვენს არგუმენტაციას, ასე რომ იცავდა ნიჭის, სულის, შემოქმედების თავისუფლებას, რა პასუხს გასცემდნენ? მათი პასუხი კი, უნდა გითხრათ, რაღაც ორჭოფული, ორაზროვანი და სულაც გაუგებარი იყო.

პირველი პასუხი განადიდებდა ჩვენი ცირკის მოღვაწეობას და დაწვრილებით განიხილავდა მის უდიდეს მნიშვნელობას დედაქალაქის, თუნდაც მთელი ერის ცხოვრებისათვის. ხაზგასმული იყო, რომ სპორტულ სანახაობათა (განსაკუთრებით კი ფეხბურთის) შემდეგ, რომელთა წყალობით მამაკაცთა დიდი ნაწილი მღელვარედ ატარებს თავისუფალ დროს და თავისუფლდება ზედმეტი ემოციური ენერგიისაგან, ცირკი მასობრივი მიზიდვის თვალსაზრისით მეორე ადგილზე დგას და სრულიად შეუცვლელ მოვლენას წარმოადგენს, რადგანაც იზიდავს ორივე სქესის ყველა ასაკის ადამიანს ერთი წლიდან მოკიდებული იმ ხნოვანებამდე, ვიდრე კაცს სიარული შეუძლია; რომ სახიფათო, სასაცილო, ვირტუოზული მომენტების, მკვეთრი, სიცოცხლით სავსე მუსიკისა და თავბრუდამხვევი განათების სინთეზით იგი იმგვარად იპყრობს, აოგნებს, ცლის და აღავსებს მაყურებელს, რომ ცირკიდან გამოსულთა სულში ყოველდღიური საწუხარი ძნელადღა იპოვის ადგილს. მეორე პასუხი, რომელიც, ცხადია, ჩვენი პასუხის პასუხს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას ბავშვების ბედ-იღბალზე, გულისტკივილითა და ფარული საყვედურით მოგვაგონებდა მათ სათუთ გრძნობებსა და ფსიქიკას, რომელსაც ასე სჭირდება სიცილი და თავდავიწყება. მესამე პასუხი რაღაც გაურკვეველ ეჭვებს გამოთქვამდა ჩვენი გეგმების, ჩვენ მიერ არჩეული ახალი შემოქმედებითი იმპულსის მისამართით, მეოთხე პასუხი აშკარა უარი გახლდათ, გამოთქმული ფინანსური მოსაზრებების საფუძველზე, მეხუთე – დაუკონკრეტებელი თანხმობა – რაღაც განუსაზღვრელი ვადით ითხოვდნენ საქმის გადადებას, მეექვსე – ფაქტიური თანხმობა და მეშვიდე – რეზოლუცია. გეტყვით, რომ არაფრით არ ველოდი საქმის ასე მალე დაგვირგვინებას! ალბათ, ხანდახან ბედსაც მოსწყინდება ხოლმე მუდმივი წყრომა და ერთხელაც შემოგღიმებს, და აქ მთავარია, ისეთი ქანცგაწყვეტილი არ დაუხვდე, რომ იმის ღიმილს ვეღარ შეეგებო, როგორც უმეტესად ხდება კიდეც.

სიზუსტის გულისათვის უნდა გითხრათ, რომ ჩვენს პასუხებთან, რომლებიც მათი პასუხების პასუხებს წარმოადგენდა, დავა ადვილი არ გახლდათ. ყველაფერი წინასწარ გვქონდა მოფიქრებული, აწონილ-დაწონილი. ჩვენი არგუმენტაცია ჰუმანიზმის ზემოთ ხსენებული ზოგადი პრინციპების გარდა, შემდეგ კონკრეტულ პუნქტებს შეიცავდა: როგორც სტატისტიკა გვაუწყებს, ვწერდით ჩვენ, ჩვენს დედაქალაქში ღვთის წყალობით (ფუჰ! ამ შემთხვევაში, თორემ ისე რა წყალობაა, პირიქით!) ლილიპუტები ისევ და ისევ იბადებიან (ამ საქმეში ჩვენი ქალაქი ისევ უსწრებს სხვა ქალაქებს), რაც შესაძლებლობას ქმნის, დასი ახალი კადრებით დაკომპლექტდეს და ჩვენ სიხარულით ვაცხადებთ მზადყოფნას, შეფობა და კონსულტაციები გავუწიოთ ახალბედა მსახიობებს; რომ უარით დათრგუნული დასის წევრები, ე. ი. ჩვენ, ძნელად შექმნიან ლაღ და მხიარულ განწყობილებას, რადგანაც მათში, ე. ი. ჩვენში, ჩაკლული წრაფვა სხვადასხვა სახით ამოხეთქს, რაც კურიოზულ მდგომარეობას უქადის საცირკო სანახაობას. ხოლო ის წერილი, სადაც რატომღაც რაღაც გაურკვეველი ეჭვები იყო გამოთქმული ჩვენი ახალი შემოქმედებითი ამპლუის მისამართით, მართალი გითხრათ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვითვლია. ასე იყო თუ ისე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს განკარგულებაში აღმოჩნდა ერთი არცთუ დიდი, მაგრამ საოცრად მყუდრო და ლამაზი, ძველი, ბაროკოს სტილით ნაგები შენობა, რომლის ჩუქურთმებიან ჭერზეც ზუსტად ჩვენხელა, ლოყებგამობერილი, პირში საყვირებგაჩრილი ანგელოზები მიმსხდარიყვნენ და რომლის ფასადიც სულ მალე დაამშვენა წარწერამ: “ლილიპუტების თეატრი”.

მახსოვს ბოლო დღე ცირკის შენობაში. გულთბილად გამოვეთხოვეთ ჩვენს დირექტორს, რომელიც მაგიდასთან დაღვრემილი იჯდა და ზემოთ ხსენებული მიზეზითა და მიზნით ჩვენთვის შემოპარებულ ლიტერატურას – ფერად-ფერად პრიალა წიგნებს (ახლა სათითაოდ და თანაგრძნობით რომ ვუდებდით მაგიდის კუთხეში), ხან მარჯვენა და ხან მარცხენა მხარეს აწყობდა. ბოლოს წიგნების ორ სვეტს შუა აღმოჩნდა, უაზროდ დააშტერდა ჯერ ერთი, მერე მეორე სვეტის სათაურს (რასაც ჩვენ, ცხადია, თვალს ვეღარ ვუწვდენდით) და ამოისლუკუნა: “გვეძახის, გვიპყრობს, გვამხნევებს მანეჟი”, “ცირკი – საუკუნის სული”. ჩვენ რაც შეგვეძლო, მერწმუნეთ, მთელის გულწრფელობით ვამშვიდებდით და ვამხნევებდით. ვეხვეწებოდით, შეენახა უზარმაზარი ცხვირსახოცი, რომლითაც თვალებს იწმენდდა და გამაგრებულიყო. წინასწარ მივიწვიეთ ჩვენს ყველა წარმოდგენაზე და უგულითადესი სურვილებით დავემშვიდობეთ.

თეატრში დავბინავდით და შევუდექით ახალ ცხოვრებას. ჩვენი რეჟისორი, ბედის ირონიით, გოლიათური აღნაგობისა გახლდათ, ცირკის დირექტორზე ბევრად უფრო მაღალი. თუმცა უცნაური და დაბნეული კაცი იყო და ლაპარაკითაც გაუგებრად ლაპარაკობდა, ვერ წავართმევთ, ფრიად უწყინარი ბუნებითა და კეთილი გულით გამოირჩეოდა. ყველას, ვინც კი ჩვენ ერთად დაგვინახავდა, გულივერი და მისი პატარა მეგობრები გაახსენდებოდა აუცილებლად და არა ყარაბას-ბარაბასი და მისი თოჯინები, რასაც ასე მოგვაგონებდა ცირკის დირექტორთან ჩვენი ცხოვრება.

როდესაც რეპერტუარის შერჩევაზე ვდაობდით, რეჟისორმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ცნობილი ბელგიელი დრამატურგის ტრაგედიები შემოგვთავაზა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ეს ტრაგედიები თოჯინების თეატრისათვის იყო დაწერილი. მას მხოლოდ ჩვენი ყოფილი ილუზიონისტი დაეთანხმა. სხვათა სიმპათიები კი ანტიკური და აღორძინების თეატრისაკენ იხრებოდა. საქმე ის გახლდათ, რომ ჩვენი ბელგიელი დრამატურგის ღირსებას კი არ უარვყოფდით, არა, ღმერთმა დაგვიფაროს. რა შეედრება იმ საიდუმლოებით მოცულ სამყაროს, რაც იქ იშლება! მაგრამ ჩვენ მძაფრი და ბობოქარი მოქმედება გვწყუროდა, მისი პიესები კი, როგორც ცნობილია, სწორედ ამგვარი ცხოვრების უარყოფას წარმოადგენენ. ჩვენ, ჩვენი წარსულის შემდეგ პირდაპირ ამ დიდ სიჩუმესა და გარინდებაში ჩაძირვა არაბუნებრივად გვეჩვენებოდა. ბოლოს, ხანგრძლივი დავის შემდეგ, რომლის დროსაც ხან ერთი და ხან მეორე ჩემი კოლეგა წამოიჭრებოდა და ოიდიპოსის ან კრეონტის, ოტელოს ან მეფე ლირის განსახიერებას იწყებდა (წარმოიდგინეთ, უკვე ზეპირად იცოდა ყველამ თავისი საყვარელი როლი), არჩევანი “რომეო და ჯულიეტაზე” შეჩერდა.

მერწმუნეთ, ისეთი მონდომებით და – რა გადაჭარბებულადაც არ უნდა ჟღერდეს– თავგანწირვით გადავეშვით ახალ ცხოვრებაში, რომ ჩვეულებრივ თეატრში არც კი დაესიზმრებათ. ჩვენი რეპეტიციების დროს სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა. სადაც ცრემლი იყო საჭირო, ნამდვილად ვტიროდით, სადაც ბრძოლა იყო – ნამდვილად ვიბრძოდით (ისე რომ, ერთხელ რეჟისორმა ძლივს გააშველა გააფთრებული მონტეკები და კაპულეტები) და მეტსაც გეტყვით – ჩვენ მზად ვიყავით სიკვდილითაც ნამდვილად მოვმკვდარიყავით, ისეთი ძლიერი იყო ჩვენში ნამდვილი ცხოვრების სურვილი.

ჩვენმა რეჟისორმა, რომელიც უმეტესწილად მხრებს იჩეჩავდა, კეფას იფხანდა და რაღაცას თავისთვის ბურდღუნებდა, მაგალითად, “…სულერთია, შედეგი მაინც იგივეაო” (რაც, ალბათ, მისი ცხოვრების რაიმე ამბავს ეხებოდა, რასაც ის ხმამაღლა შეეხმიანებოდა ხოლმე, და არა ჩვენს რეპეტიციებს), სრული თავისუფლება მოგვანიჭა და ჩვენც დაუღალავად ვმრისხანებდით, ვიბრძოდით, ვლოცულობდით, გვიყვარდა და ვიხოცებოდით.

აბა, მითხარით, ყოველივე ამის შემდეგ, როგორ დავუჯერებდი ყურებს, როცა პრემიერაზე დარბაზში სიცილი გაისმა? მით უფრო, რომ ჩვენ კომიკური ფრაზები მინიმუმამდე შევკვეცეთ!

თავად მე სუფლიორის მოკრძალებული როლი მხვდა წილად, რადგანაც ჩემი შესაძლებლობები მეორე სპექტაკლისათვის შემოინახეს. და მე სუფლიორის პატარა ორმოში სკამზე მდგომს კანტიკუნტი რაღაც ბგერები რომ შემომესმა დარბაზიდან, ცხადია, თავიდან ჩახველებად მივიჩნიე, რაც შეეხება მსახიობებს, ისინი ისე იყვნენ გართული, რომ დარბაზს საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. ჩახველება კი რა ისეთი გასაკვირია მაყურებელთა მხრიდან? სახელმწიფო თეატრშიც ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში ჩაახველებენ ხოლმე, ხშირად კი ისეთი ხველება აუტყდება ვინმეს, რომ დარბაზსაც ტოვებს – აქოშინებული. დაცემინებაც ხშირია, მოგეხსენებათ, როგორ იმძლავრა ბოლო ხანებში სურდომ და გრიპმა, ლამის სექტემბრიდანვე მოედება ხოლმე ქალაქს და რა ქნას ხალხმა? ამის გულისთვის თეატრში წასვლას ხომ არ აღიკვეთავს?! და მეც გულმოწყალედ, ასე განსაჯეთ, თანაგრძნობითაც კი ვიყავი განმსჭვალული იმ მაყურებელთა მიმართ, რომლებიც ამ ბგერებს გამოსცემდნენ. ჩქარი გამოჯანმრთელებაც კი ვუსურვე თითოეულ მათგანს.

თვალს ვეღარ ვწყვეტდი სპექტაკლის მსვლელობას და ისე გამიტაცებდა ხოლმე, რომ დროდადრო მეტისმეტად ხმამაღლაც კი მომდიოდა კარნახი და ფაქტიურად მსახიობებს ვასწრებდი სათქმელს, მაგრამ დროზე ავლაგმე მოზღვავებული გრძნობები და ყველაფერი დიდებულად წარიმართა. მერე და მერე კი, დარბაზში ხმაური რომ გაძლიერდა და საეჭვო შეიქნა, რა უნდა მექნა?.. თავი ამოვყავი ჩემი ორმოდან და იქაურობა მოვათვალიერე, რამაც უზომოდ გაზარდა მათი უკვე სრულიად აშკარა მხიარულება.

ისინი იცინოდნენ, ბატონებო, ისინი იცინოდნენ! ისინი იცინოდნენ, როცა რომეო მთვარიან ღამეში სიყვარულს ეფიცებოდა ჯულიეტას (სწორედ ამ დროს წამომცდა მეტისმეტად ხმამაღლა რომეოს სიტყვები), ისინი იცინოდნენ, როდესაც მერკუციო ძირს დაენარცხა! როცა რომეომ განგმირა ტიბალტი! ისინი იცინოდნენ თვით აკლდამაში, სადაც სიკვდილი გამეფებულიყო! აქ მოხდა სწორედ, იმ კეთილშობილმა ბავშვმა თავი რომ ვეღარ შეიკავა და დაიყვირა!..

როდესაც მესამედ ამოვყავი თავი ორმოდან, თვალში ერთი უზარმაზარი სახე მეცა, სახე, რომელიც ყველაზე ხმამაღლა იცინოდა. დაიხურა თუ არა მისი პირის ვეება წითელი ღრმული და დაღრეცილი ნაკვთებიც თავის ადგილზე დაბრუნდნენ, მაშინვე ვიცანი: ცირკის დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება ჩვენს რეჟისორს, იმას წამით მოვკარი თვალი კულისებში. დაღონებული უყურებდა სპექტაკლს და კეფას იფხანდა, მერე კი გაქრა. ბოლოს და ბოლოს, მსახიობებიც გამოერკვნენ, როდესაც დაიხოცნენ, მშვიდად გაიშოტნენ ბნელ აკლდამაში და მოისვენეს. იმ სიჩუმეში როგორ შეიძლება არ გაეგონათ ეს ღრიანცელი, ანდა ტირილად მიეჩნიათ. მკვდარმა რომეომ თავიც კი წამოყო და დარბაზს გადმოხედა.

ტაშის გრიალში დამთავრდა წარმოდგენა. აგზნებულმა და კმაყოფილმა მაყურებელმა ხელის ქნევითა და მოწონების შეძახილებით დატოვა დარბაზი. მსახიობებს კი – ერთმანეთისათვის არ შეუხედავთ, ხმაამოუღებლად დაიშალნენ.

რაც შემეხება მე, ჩემი ორმოდან ამოსვლა აღარ მინდოდა. იქ ორმოში ბევრ რამეს მივხვდი, მაგრამ არ მსურდა სახელის დარქმევა. ამ აფორიაქებულ ფიქრებს ჩვენი რეჟისორის ფრაზა მისდევდა ლაიტმოტივად: “სულერთია, შედეგი მაინც იგივეაო”. დიახ, შედეგი სიცილი გახლდათ. და ნუთუ აქ ცირკიც არაფერ შუაში იყო? ნუთუ მხოლოდ და მხოლოდ ტანი, დიდი ვნებებისკენ წაწვდილი ჩვენი პატარა ტანი ქმნიდა ენით აუწერელ კომედიას? აქ კი არა, განა ეკლესიაშიც არ მქონდა შემჩნეული ირონიის სხივი (რომელიც არ მსურდა შემემჩნია) ჩვენსკენ მომართულ თვალებში: ნუთუ ისინიც უწყინარი (არა, ბატონებო, მე ღვარძლს არავის დავაბრალებ), დიახ, უწყინარი ხუმრობით ფიქრობდნენ, რომ ჩვენ, ასე პატარებს, პატარა ღმერთი უფრო შეგვშვენოდა და ეკლესია? ნუთუ ჩვენი ნამდვილი მაყურებლები, მხოლოდ ბავშვები და ანგელოზები შეიძლება ყოფილიყვნენ? მაგრამ ბავშვებს ამ წარმოდგენაზე არ უშვებენ (ის სათნო ბავშვიც, ალბათ, როგორღაც შემოიპარა) და როგორც საეჭვო პირებს, არც ანგელოზებს შემოუშვებენ, კიდევაც რომ მოინდომონ ჩვენს დარბაზში მობრძანება და კართან ჩვეულებრივი ბილეთი წარადგინონ, ხოლო გულთამხილავი, მაგრამ უხილავი მაყურებლის სახით ისინი ბევრს ვერაფერს გვშველიან ამ სცენაზე, ჩვენი თეატრის ორომტრიალში. მაგრამ, ერთი წუთით, ბატონებო! ჩვენს მაყურებელს რომ ეთამაშა იმავე სპექტაკლში, განა ის კი არ იქნებოდა სასაცილო? განა იმ დიდ-დიდ როლებში ისე არ იფართხუნებდნენ როგორც დაგვალული შვილიშვილები ახოვანი პაპების პალტოებში?! მიუხედავად დიდი ტანისა! ოღონდაც. და ვინ არ იქნებოდა სასაცილო? თვალი მოვავლე უკვე ცარიელ დარბაზს და ის გამახსენდა! – ვიწრომაჯებიანი, აღშფოთებული ბავშვი! – ის არ იქნებოდა. კიდევ მრავალი სხვა ფიქრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ მე ეს შეკითხვები ღიად დავტოვე, ღია შეკითხვა ცხოვრების გაგრძელების საწინდარია და “ნუთუ” მაინც ნუგეში. იმდღევანდელი ამბავი ისევ გაუგებრობით ავხსენი, შემთხვევად, დამთხვევად მივიჩნიე და ცხოვრების აუხსნელ მოვლენებს მივაკუთვნე. ბოლოს და ბოლოს, პანაშვიდზეც წასკდებათ ხოლმე სიცილი, და იქ სასაცილო ხომ ნამდვილად არაფერია, უფრო მეტიც: არც ეცინებათ გულში…

მაგრამ ღამით, როდესაც ჩემი მანსარდის პატარა აივანზე გავედი და ტირილი მომესმა, გულმა ვეღარ მომითმინა და აღმომხდა ის… რაც მაშინ რომეოს ნაცვლად წამოვიძახე… გვერდითა აივნის მოაჯირზე დამხობილმა, ისევ ჯულიეტას კაბაში გამოწყობილმა ბეატამ თავი აიღო და დაწითლებული, ცრემლებით სავსე თვალებით შემომხედა… მე კი უნებურად, თავზარდაცემულმა მოვავლე თვალი ქვემოთ, მთვარით განათებულ ბაღს: ალბათ, იქაც არიან ჩასაფრებულნი და საცაა სიცილი იფეთქებს-მეთქი.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s