მერაბ არაბული

მე და თქვენ

როცა ზამთარი ფეხქვეშ გეგებათ,
მე იქ ლექსების კოცონთან ვთბები.
თქვენ თავზე მხოლოდ ზეცა გახურავთ,
მე პაპასავით ჭაღარა მთებიც.

მანდ გაზაფხული დაგიდგათ უკვე,
აქ ისევ თოვლის სიმაღლის ვრჩები.
თქვენ როცა წლები გაწვებათ მხრებზე,
მე მემატება მხოლოდ წამები.

ზოგჯერ მზის ჩასვლას დარაჯობთ ზღვასთან,
მე მზის ამოსვლას ჭაუხში ვხვდები.
თქვენ თუ ცხოვრებას უწოდებთ ლამაზს,
მე ულამაზესს და მეცოდებით…

______________________________________________

წერილი მთიდან
***
ვსვამთ,
ისევ ისე ურევს ამინდი
თავში და
კარშიც დიდი თოვლია,
–არ ჩამოხვალო?!
–შენ მწერ, რა ვიცი…
თან ვჭვრეტ ცეცხლის პირს,
ციცას ზოლიანს.
ვსვამთ,ორნი,
ხან კი სრულიად მარტო
პურის ჭამაში, თითო–ოროლას,
ხანდახან ისე შლეგივით გნატრობ
გნატრობ, ჩვენ ორნი, ახლა ბოროლას
ვისხდეთ
და ფეხქვეშ გვეგოს სამყარო
შავი და
ჩვენზე უფრო მცირედი,
მთებიდან მინდა ნისლი ავყარო
და მერე ერთად დავიყივირებდით
–ჩვენ თქვენ გვიყვარხართ!
–მე შენ მიყვარხარ,
მეც და
ნათელი ციდან მიწამდე
ჩვენ ყველა ერთად
ჩვენ, მე და შენ და
გთხოვ ჩამეხუტე
გულის ფიცრამდე.

_______________________________________

მთვარეული

მეტად ბოჰემური, ცოტა მოპოეტო,
…ახლა ასეთი ვარ
თავ-ტვინ არეული,
ჩემი ბოლო ლექსის მახსოვს ნაწყვეტი და
ხალხში დავაბიჯებ
როგორც მთვარეული.
ჭიქა ალკოჰოლი,ერთიც გავაბოლო,
სულში ირევიან თითქოს ქარიშხლები,
სიზმრად ჩემზე ფიქრი უნდა გაგაყოლო,
ამღამ შენს ფანჯრებთან
ლექსად დავიცლები.
მეტად ბოჰემური, ცოტა მოპოეტო,
ახლა ასეთი ვარ
თავ-ტვინ არეული,
შენ ხარ ბოლო ლექსის ბოლო ნაწყვეტი და
ვდგავარ შენს ფანჯრებთან
როგორც მთვარეული …….

___________________________________________

• • •

ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგaს,
ნალ–მიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი,
არც მე ვიქნებოდი ქმარი…

________________________________________________

დედი

დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი?!
იმ ხარჯიხვსაც,
შუნი დასტიროდა.
ახლა,
ალბათ მამაც,
ჭიქას აიღებს და
ჩემი მასპინძლობით
იტყვის უდროოთას.
დედი,
ჩემ საფლავზე,
იმ შენ იასამნებს,
უდგათ პერიოდი,
ლურჯად შეფერების…
იცი?!
ყოველღამე შენთან მოვდივარ და
შენ თმაში ჭაღარებს,
ჩუმად ვეფერები…

 

 

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s